გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვართ - არ ვართ ფასადური დამოუკიდებელი ქვეყანა

ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვართ, ჩვენ არ ვართ ფასადური დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ეს ასე არსებობდა, სამწუხაროდ წლების განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
მან „დიფ სთეითის“ ფარულ გავლენებზე და საქართველოში ამოქმედებულ „ფარას კანონის“ ასლზე ისაუბრა.
მისი თქმით, გარე ძალები ქვეყანაში გარკვეული სახსრებით აფინანსებდნენ ძალებს, რათა ჩამოეშალათ ხელისუფლება და ქვეყანაში რევოლუცია მოეხდინათ.
„ჩვენ გარკვეული პერიოდი გვქონდა ფასადური დამოუკიდებლობა. ხდებოდა გარედან მართვა. გარედან ხდებოდა მოხელეების დანიშვნა და ასე ხდებოდა ქართველი ხალხის აბუჩად აგდება.
დღეს შემდგარი სახელმწიფო ვართ და თითოეული ქართველის გულის ძახილი გაცხადდა ბატონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესანიშნავ, ეპოქალურ გამოსვლაში, რომელიც მან ბუქარესტში, კონფერენციაზე წარმოთქვა. ეს იყო ყველა თაობის ქართველის სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორიული გზა გავლილი და ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენს ხალხს სურს, როგორც ჩვენს ხალხს წარმოუდგენია თავისი საზოგადოების მოწყობა და მომავალი და არა გარედან ჩარევით, მითითებითა და კარნახით. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით და მთელს მსოფლიოს გავაგებინეთ.
დასრულდა ქართველი ხალხის ის პამპულაობა წლების განმავლობაში, როცა ასე ფასადურად, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ და თითქოს, დამოუკიდებლები ვიყავით. რა დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, ქართველ ადამიანს თავისი თავი არ ეკუთვნოდა. ეს ასე აღარ იქნება“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.