გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიაზე: პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას, როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე
„ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც ქართველ ხალხს სული გაუმწარა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
მისივე თქმით, არასდროს დაავიწყდება ქართველ ხალხს მისი სახე, რადგან იგი „ჩალექილია ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ის ორგანიზებას უწევდა სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც სურვილი ჰქონდათ, ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება და ქვეყანაში ყოფილიყო კატასტროფული სიტუაცია. პრინციპში, ახალი რაც თქვა მან, ეს იყო მისი ამ სცენარის მორიგი გაგრძელება - პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
ახალაია სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის.