Loading data...
გიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა

გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობისა და სტაბილურობის მკაფიო დადასტურებაა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

კახიანმა ხაზი გაუსვა პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ასეთი მასშტაბის ინვესტიცია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი პრეზენტაცია იყო. თავად ფაქტი, როდესაც ასეთი ბრენდი - Trump Tower-ი შემოდის საქართველოში, ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი ხდება სხვა საერთაშორისო ინვესტიციებისთვისაც. პოლიტიკური კუთხით კი, ამდენად ძლიერი ბრენდის შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავენ. ეს არ ხდება შემთხვევით იმ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ყველგან დაძაბული ვითარება ან საომარი მოქმედებებია. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვახორციელებთ“, - განაცხადა კახიანმა.

ვიცე-სპიკერმა ცალკე გამოყო აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის ჩართულობა და ერიკ ტრამპის პოზიტიური გზავნილები საქართველოს მისამართით. მისი თქმით, ეს რეალური მოცემულობაა, რომელიც მმართველი გუნდის კურსს უკავშირდება.

გარდა ამისა, გიორგი კახიანმა ვაშინგტონთან ურთიერთობების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.

„ხაზს გავუსვამდი, რომ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქამდე გვქონდა, არამედ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავიყვანოთ ეს ურთიერთობა, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, - დასძინა მან.