გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია განცხადებაზე, რომელიც გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის დროს გააკეთა.
ნიკა გვარამია მოსამართლეების მისამართით სანქციებით დაიმუქრა და ამტკიცებდა, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას გამოიწვევს.
გიორგი კახიანის შეფასებით, გვარამიას განცხადება იყო ზეწოლა და მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
„დავინახე გარკვეულწილად მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ანუ, ფაქტობრივად ემუქრებიან სასამართლოს, რომ თუ მათი არაკონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, ამას მოჰყვება რაღაც კონკრეტული შედეგები. ანუ, ჩემი აზრით, ეს იყო ზეწოლა და მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოს იზღუდებიან სასამართლო პროცესზე, საზოგადოება ხომ ხედავს, რომ ამ კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვისმენთ დილიდან საღამომდე მათ ახსნა-განმარტებებს. ფაქტია, რომ პოლიტიკური შეფასებები ჭარბობდა, იყო მცდელობა რაღაც გარკვეული სამართლებრივი კუთხითაც ემსჯელათ სარჩელზე, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრულიად უსაფუძვლო და სრულიად გაუმართლებელი არასწორი ინტერპრეტაციები მოვისმინეთ სამართლებრივი ნორმების და ძირითადად საზოგადოებამაც მოისმინა, რომ პოლიტიკური შეფასებები ჭარბობდა.
არ ვიცი, ყველაფერი ბოლონიის პროცესით დაწყებული უამრავ თემაზე ისაუბრა, რაც გავაპროტესტეთ კიდევ ჩვენ პროცესის მიმდინარეობის დროს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.