გიორგი კახიანი: კარგი იქნება თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ რგოლში, საქართველოს ამ რგოლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თავისი თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე
„ვაცნობიერებთ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია „შუა დერეფანი“ მათ შორის ევროკავშირისთვის. კარგია, რომ დღეს უკვე საუბარი ღიად დაიწყო და ასევე, კარგი იქნება ისიც თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ რგოლში. იმიტომ, რომ საქართველოს ამ რგოლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თავისი თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
მან გაიხსენა ლუქსემბურგის სამიტი, სადაც საქართველო არ დაპატიჟეს და იმედი გამოთქვა, რომ „შუა დერეფნის“ კონტექსტში ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებას შეცვლის.
„ცოტა ხნის წინ ლუქსემბურგში ჩატარდა დაკავშირებადობის სამიტი, რომელიც ბუნებრივია „შუა დერეფნის“ თემებსაც ეხებოდა და გვახსოვს, რომ იქ მიწვეული იყო ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები და არ იყო მიწვეული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ყველაფერი ხომ ბევრ რამეზე მიუთითებს.
კარგია, რომ დღეს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა „შუა დერეფნის“ პროექტი და მისი მნიშვნელობა, ასევე, მისასალმებელია, როდესაც ევროკავშირში კიდევ უფრო გააცნობიერებენ საქართველოს როლს ამ ნაწილში და დამოკიდებულებაც იქნება შესაბამისი. ჩვენ მზად ვართ შესაბამისი ურთიერთობისთვის და პირიქით, ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები, მათ შორის „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისითაც კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.