გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება

„დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გარე აქტორები უკვე ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფების ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ არსებობს.
„მართლა მგონია, რომ ეს პერიოდი არის გარე აქტორების მხრიდან საბოლოო მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად მოხდეს „ნაცმოძრაობის“ ამ დანაყოფების ხელისუფლებაში მობრუნება. ეს იქნება ბოლო მცდელობა და ასევე უსუსური. დარწმუნებული ვარ გარედანაც ხედავენ იმას, რომ ამის არანაირი შანსი არ არსებობს.
არჩევნების შედეგებით კიდევ ერთხელ დაინახავენ ქვეყნის გარეთ აქტორები და დასავლური საზოგადოება იმას, თუ ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება“, - აღნიშნავს კახიანი.