გიორგი კახიანი: ბიუჯეტი როცა გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა, ნიკა გვარამია თურმე ამას ემიჯნება და არა წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს
„აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ემიჯნება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახიანის თქმით, დღეს ნიკა გვარამიასთან ბევრი აბსურდული განცხადება მოისმინა.
„არაერთი მარგალიტი ითქვა, მაგრამ ერთს გამოვყოფ. გვარამიამ ისაუბრა, რას ემიჯნება. იყო მოლოდინი, მაგალითად, იტყოდა, რომ ემიჯნება ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას კი არ ემიჯნება, იმიჯნება თურმე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა პოლიტიკაში. ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც საქართველოში ქონება არ შეუძენია და რაც არ ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80 პროცენტი ქვეყანას მოახმარა, 3 მილიარდ 500 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.