გიორგი კახიანი: აშკარაა პოზიტიური ტენდენცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში - ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობა აშშ-სთან და იმედი მაქვს, მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში პოზიტიურ ტენდენციაზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს საქართველოში, ასევე რამდენიმე კვირის წინ შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრებს შეხვედრებს.
„აშკარაა პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გაუარესებული, დამძიმებული ვითარების ფონზე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში ჩანს ბოლო პერიოდში. ამ ტენდენციის მანიშნებელია მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები. ეს ყველაფერი ძალიან დიდ იმედს გვიჩენს, რომ შევძლებთ ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ურთიერთობებში. ეს შეიძლება, იყოს არა მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა, არამედ კიდევ უფრო შორს წასვლა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ვიცე სპიკერმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო თავის მხრივ მზადაა კონკრეტული ნაბიჯებისთვის.
„ამ თვალსაზრისით, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე კონკრეტული ნაბიჯებიც გამოჩნდება არა მხოლოდ ასეთი ვიზიტები და ის, რაც ამ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციურობის მანიშნებელია, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენ დავუბრუნდებით იმ ურთიერთობას, რომელიც გვქონდა და გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობა“, - აღნიშნა კახიანმა.