Loading data...
გიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას.

გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „„პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს“.

„გვახსოვს ე.წ. ტრენინგები, როცა თავის დროზე ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადება, როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანაში რევოლუცია და ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა. გვახსოვს, როცა პირდაპირ იყო საუბარი, როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანაში არეულობა საპროტესტო აქციების დროს

შემდეგ მოვისმინეთ განმარტება, თითქოს ტარდებოდა არა ამ შინაარსის ტრენინგები, არამედ ბავშვთა ჯანმრთელობაზე. ასეთი განცხადებები და ინფორმაციები როცა ვრცელდება, ძალიან ყურადსაღებია. არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახეთ, ასეთ მცდელობებს რა მოჰყვება - სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.