გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: კარიერული გზა, რომელიც გაიარა სუსის ახალმა ხელმძღვანელმა, ცხადყოფს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, კარგად იცნობს სისტემას და შეუძლია განაგრძოს იმ ამოცანების შესრულება, რაც დასახული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
„უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვანესი ამოცანები აკისრია ამ ინსტიტუციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, სუსის ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს გამართულად, სისტემა მუშაობს გამართულად. სისტემა არის ჯანსაღი და განაგრძობს განვითარებას. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ ძალიან გვჭირდება პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის კადრები. კარიერული გზა, რომელიც გაიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ცხადყოფს იმას, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, კარგად იცნობს სისტემას და შეუძლია განაგრძოს იმ ამოცანების შესრულება, რა ამოცანებიც აქვს დასახული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და დარწმუნებული ვარ ახალი ხელმძღვანელის საქმიანობა იქნება წარმატებული. ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო გეკა გელაძეს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.