Loading data...
გიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას

„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ წამყვანის კითხვას,- მალე იქნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, საუბარია იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, წინ წაიწევს უკრაინა და მოლდოვა, სად იქნება საქართველო?

გაბუნიას თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ მოახერხეს და აკრძალეს პარტიები, ერთმა - 22 პარტია აკრძალა, მეორემ - 8 პარტია.

„ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ წინსწრებით, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გვიხილავს, წინსწრებით მოვისმინეთ ტენდენციური, უკიდურესად არაკეთილსინდისიერი განცხადება ევროკავშირის სპიკერის მხრიდან, რომ თურმე ეს პროცესი მიუღებელია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტია აიკრძალა ევროკავშირში. თუ ევროკავშირში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების თანამდევი პროცესი, მაშინ რატომ არის ეს პროცესი ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელი. ესეც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას“, - აღნიშნა მან.