გიორგი გაბუნია: მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ იმყოფება, სადაც CGTN-მა მას ინტერვიუ ჩამოართვა.
გაბუნიამ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელმაც განვითარების უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ყველა სფეროში. განათლების, მეცნიერების მაღალი დონე, განვითარებული ეკონომიკა, უპრეცედენტო მასშტაბის ინდუსტრია, მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ჩინეთს აქცევს უდიდეს ძალად და შესაძლებლობად არამხოლოდ დიადი ჩინელი ერისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიო ერებისთვის, რათა ჩინეთის გამოცდილება და პოზიტიური ძალისხმევა გახდეს უკეთესი მსოფლიოს და კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარების საფუძველი.
გლობალურ ცივილიზაციათა დიალოგი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ერთა შორის დიალოგს და პირველ რიგში კულტურათა დიალოგს. კულტურა ერის სახეა და აჩვენებს მისი განვითარების მრავალფეროვნებას. საქართველო, ისევე როგორც ჩინეთი უძველესი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ და აზიურ კულტურათა თავშეყრის ადგილი, მაგრამ ქართულ კულტურას არასდროს დაუკარგავს თავისი უნიკალურობა, ის ყოველთვის იყო ყველა ერისგან განსხვავებული და დაფუძნებული თვითმყოფად უწყვეტ ტრადიციებზე.
საქართველო როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი არის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ხიდი აზიასა და ევროპას შორის, ასევე ამ ორ (ევროპულ და აზიურ) კულტურათა გაზიარების ხიდიც. დღეს მსოფლიოში რთული დროა. საერთაშორისო ურთიერთობები მყიფეა, ხოლო კულტურას შეუძლია ერებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება. კულტურა სიყვარულის და სათნოების წყაროა. მასთან ზიარება ცვლის ადამიანებს და უფრო კეთილშობილად აქცევს მათ. მსოფლიო ერთა შორის კულტურათა დიალოგი წარმოშობს მეტ ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს, მიტევებას და კომპრომისს, აგებს მეგობრობის ხიდებს და აახლოებს საზოგადოებებს, რაც მსოფლიოს ბევრად უფრო მშვიდობიანს ხდის.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, მინისტერიალი წელს პირველად იმართება, რომელსაც 140 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტელევიზიის, კინოს, მეცნიერების და ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, სპორტის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.