გიორგი გაბუნია კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი, მჭიდრო ურთიერთობები.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართული მხარის მხრიდან განხორციელებულ არაერთ პროექტზე, რომელიც ემსახურება საქართველოში სომხური კულტურის პოპულარიზაციას, მათ შორის საუბარი შეეხო სომხური თეატრის რეაბილიტაციის მნიშვნელობას. განვიხილეთ მომავალ წელს საქართველოში სომხური კულტურის დღეების ჩატარების და ასევე ქალაქ ერევანში ანსამბლ „მართვეს" კონცერტის ჩატარების შესაძლებლობები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ჭიჭინაძე, კომიტეტის წევრები - ისკო დასენი, ზაზა ლომინაძე და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი შოთა ხაბარელი.