Loading data...
გიორგი გაბუნია: გარე სპონსორების ხელშეწყობით ცდილობდნენ, რომ საქართველოში რევოლუცია გამოეწვიათ, სისხლი, ომი, ცეცხლი - ესაა ამ რეჟიმის სახე და ხელწერა, რაც ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება

„ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა. ამ შემთხვევაში, საუბარია სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს ამ დანაშაულებრივი ძალის საქმიანობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილია ძალიან მყარი მტკიცებულებები.

„როდესაც არ არსებობს სინანული, არც მიტევება არსებობს და რეალურად, ხალხის პასუხიც ასეთი იყო წლების განმავლობაში. ყველა არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა. ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა. ამ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს ამ დანაშაულებრივი ძალის საქმიანობა. წარმოდგენილია ძალიან მყარი მტკიცებულებები, საუბარია სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, დადგენილ ფაქტებზე, რასაც ვერ გაექცევიან. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, ასევე უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომისია, როდესაც სწავლობდა ამ დანაშაულებრივი მოძრაობის საქმიანობას.

2016 წლიდან აღმავალ დინამიკაში ხდებოდა ამ პროცესების გამწვავება და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. იციან, რომ არჩევნებით არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის და მათი გარე სპონსორების ხელშეწყობით ცდილობდნენ, რომ საქართველოში რევოლუცია გამოეწვიათ. სისხლი, ომი, ცეცხლი - ესაა ამ რეჟიმის სახე და მათი ხელწერა და ეს ჩვენ საზოგადოებას არ სჭირდება.

გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან დაპირისპირების ზღვარზე არიან და ჩვენ ამ ძალებთან ომში, ჩვენი რესურსები არ უნდა დავკარგოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, რაშიც ეს ძალები მუდმივად გვიშლიდნენ ხელს“, - განაცხადა გაბუნიამ.