გიორგი გაბუნია: ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით

„ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
„უპირველეს ყოვლისა, სანამ კითხვაზე გადავიდოდე, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, ხვალ იწყება სასწავლო წელი. განსაკუთრებით პირველ კლასელებს მინდა მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ცხოვრების ახალი ეტაპია. მინდა ვუსურვო ბედნიერ, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრება.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განათლებული ახალგაზრდობა. ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავცეთ პასუხი განათლებით და ასევე, აღზრდით. აღზრდა კიდევ აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. აღზრდა ოჯახის საქმეა“, - აღნიშნა მან.
გიორგი გაბუნიამ ყურადღება ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს კანონი დასავლელ პარტნიორებს არ მოსწონთ.
„რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, თქვენ საუბრობდით სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხზე და ვინაიდან ჩვენ სწავლას და განათლებას ვეხებით, მოგეხსენებათ, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, დარგი. მას სჭირდება განვითარება და ასევე სჭირდება დაცვაც, ვინაიდან ის უცხოელი სპეცსამსახურების ინტერესის სფეროში ყოველთვის იყო.
ყოველთვის იყო მცდელობები იმის, რომ სტუდენტებთან მომხდარიყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი რეპორტაჟი იყო და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ტელეკომპანიას, რომ წამოსწია ეს საკითხი და გააკეთა რეპორტაჟი. ეს საქმე თვითონ, სტუდენტებთან მუშაობის, არახალია. ძალიან დიდი ხნის წინ დანერგილი სისტემაა“, - აღნიშნა მან.