გიორგი გაბუნია: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ყველა სამართლებრივი დავა მოუგო
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ყველა დონეზე გაიმარჯვა, მოუგო ყველა სამართლებრივი დავა რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობისას ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც შეინარჩუნა არაღიარების პოლიტიკა და უფრო მეტიც, ერთმა სახელმწიფომ უკან გაიწვია კიდეც აფხაზეთის აღიარების საკითხი. ჩვენ ვართ პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკის მომხრე რუსეთთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან ამოვდივართ, მაშინ, როდესაც სრულიად ამბივალენტური პოლიტიკის მწარმოებელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელისუფლების პერიოდში და ყველა შესაძლებლობა მისცა რუსეთის ფედერაციას, ოკუპაციით დასრულებული. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ძალა, რომელმაც, არ დარჩა ბოროტება, რომელიც მათ არ ჩაიდინეს, არ დარჩა ზიანი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს არ მიაყენეს.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს ძალები ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვასრულებთ, არამედ ჩვენ ვასრულებთ საგარეო ჩარევების მუდმივ მცდელობას შიდა პოლიტიკაში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.