გია ვოლსკი: უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟი ხდება, ვიზალიბერალიზაციის, ამ გემრიელი ყველის ნაჭრის გარშემო ხაფანგის კონტურები ნელ-ნელა ფორმას იძენს, თუმცა ამის წინააღმდეგიც ბევრია
უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟი ხდება. ვიზალიბერალიზაციის, ამ გემრიელი ყველის ნაჭრის გარშემო დაგებული ხაფანგის კონტურები ნელ-ნელა ფორმას იძენს, თუმცა საქართველოს მიმართ ამ ხაფანგის დაგების წინააღმდეგი ბევრია. ისინი მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესები, რაც საქართველოს უმიზეზოდ, უსამართლოდ დაჩაგვრის მცდელობებს უკავშირდება.
„ქვეყნის მიმართ ასეთი პოლიტიკის გატარებას ყველა არ ეთანხმება. მთელი საზოგადოების დასჯა მოხდეს იმის გამო, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა გაადვილდეს, ეს სწორედ ისაა, რაც ბოლო პერიოდში ევროპას ახასიათებს – უსამართლობა. სხვათა შორის, ამაზე არაერთხელ მიუთითა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. კაია კალასს რომ მოუსმინოთ, ყველაფერმა ფასი დაკარგა, მაგრამ, იმედია, ევროკავშირში კიდევ არის შენარჩუნებული გარკვეული პრინციპები, რისთვისაც შექმნილია ევროკავშირი და რისთვისაც მივისწრაფვით. სცენარი არ შეცვლილა, დღესაც ამბობენ, რომ საქართველო იმ პროცესებში უნდა იღებდეს მონაწილეობას, რომლებიც მას დაანგრევს, მაგრამ მათ ინტერესებს პასუხობს. გეგმა ჩამოაყალიბეს და ამის მიხედვით მოქმედებენ, ვითარება თავად შექმნეს, როცა ადამიანები კანონს დაუპირისპირეს. კაია კალასმა განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ მისი ოჯახი დიდ ფულს აკეთებდა ბიზნესში, რომელიც რუსეთში ჰქონდა მის ქმარს. კაია კალასისთვის მახასიათებელია პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტის შემოტანა და არაკომპეტენტურობა. საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში, ან ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ მაშინ, როცა თავად ქმნიან და ახორციელებენ იმ სცენარს, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს. რა ჩამყაყებული გეგმაც არსებობს საქართველოს ნგრევის, იგივე სცენარი აქვთ. ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ მათ მშვიდობა აირჩიეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.