Loading data...
გია ვოლსკი: თუ კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი, თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და არის ინდიკატორი პრინციპისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს

ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკის შესახებ.

ამასთან, ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დაიცავს კორუფციასთან ბრძოლის პრინციპს.

„მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვიყავით შეთანხმებული.

არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე – ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ თუ ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი, თუ დღევანდელი თანაგუნდელი, ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს.

არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ გუშინდელ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.