გია ვოლსკი: ევროპელი ლიდერები პატარა საქართველოს უტევდნენ და დღეს თავად არიან იმ მდგომარეობაში, როცა ყველანაირი ორმაგი სტანდარტის მაგალითი მოიყვანეს, რაც შეიძლებოდა, ისტორიის ამ მოკლე მანძილზე გვეხილა
სახელმწიფო სტაბილურობას როდესაც საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რათა ქვეყანა გადაარჩინოს და შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, ქვეყანა იდგეს განვითარების გზაზე და არა - ნგრევის. პროტესტებს ყველგან სხვადასხვა შინაარსი აქვს, მაგრამ სახეზეა დანაშაულები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მიუღებელია და საქართველოს შემთხვევაში ამას ევროპელი ლიდერების მხრიდან ანალოგიური შეფასებები არ მოჰყოლია.
„ფაქტია, რომ ადამიანის მკვლელობის მცდელობას ადგილი ჰქონდა როგორც საფრანგეთში, ასევე, საქართველოში. ზუსტად იგივე, ანალოგიური პროცესი იყო და შემთხვევით არაფერი მომხდარა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მიუღებელია, რადგან აალებადი ნივთიერებაა, რომელიც თავისი მოქმედებით უფრო დამაზიანებელია და, რასაკვირველია, ეს მკვლელობის მცდელობაა.
გამაოგნებელია, რომ ანალოგიური შეფასებები იმ ფაქტებს არ მოჰყვა, რაც საქართველოში ხდებოდა. ერთმა მიაღწია მიზნამდე, პოლიციელის სიცოცხლე კინაღამ შეიწირა, მაგრამ სხვა დანარჩენიც ხომ იყო, რამდენი ერთი.
ხშირად ევროპელი ლიდერები პატარა საქართველოს უტევდნენ და დღეს თავად არიან იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველანაირი ორმაგი სტანდარტის მაგალითი მოიყვანეს, რაც შეიძლებოდა, ისტორიის ამ მოკლე მანძილზე გვეხილა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.