გია ვოლსკი: არაფერი მოუტანია ოპოზიციისთვის ამ ალიანსს, ისევე როგორც არაფერი მოუტანია ქარტიას, რომელიც ხელში დააჭერინეს სალომე ზურაბიშვილს
„არაფერი მოუტანია ოპოზიციისთვის ამ ალიანსს, ისევე როგორც არაფერი მოუტანია ქარტიას, რომელიც ხელში დააჭერინეს სალომე ზურაბიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს, იმიტომ რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ეს სათაური არის ზუსტად გამოხატულება იმისა, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება. ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ამ შინაარსის პოლიტიკა და ეს შინაარსი არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისათვის.
მადლობა ღმერთს, ამ შინაარსს არ უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს და ეს არჩევნებზეც დადასტურდა. ეს არის დესტაბილიზაციის მიღწევა გარკვეული შედეგების მისაღებად, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.