ევროპარლამენტარი კრისტიან ტერესი: სხვა ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირებამ, თანამშრომლობამ და არა - ბრძოლამ, შეიძლება მოიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა
„მინდა მივულოცო ამ ღონისძიების შესანიშნავ ორგანიზატორებს, ქალბატონ მაკას, რომელსაც პარლამენტში არაერთხელ შევხვდი. ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება ის - საქართველოში, რუმინეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში, მათი ქვეყნისთვის იბრძვიან არჩეული თანამდებობის პირები და არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ანალიტიკური ცენტრები“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა კრისტიან ტერესმა „აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდა.
მან ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილთან ევროპის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვხვდებოდით, ვსაუბრობდით საქართველოზე, იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა შეგვიძლია მე და ჩემს კოლეგებს გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად.
და მინდა აღვნიშნო არჩეული თანამდებობის პირების მნიშვნელობა, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაიწყონ ომი, მაგრამ ამავდროულად, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის დამყარება.
წინა პანელზე ვნახეთ სამი პრემიერ-მინისტრი: საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ორი მათგანი რამდენიმე წლის წინ ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ და ახლა აქ, ამ სცენაზე სხედან, არ ვაჭარბებ, თითქმის კოცნიან ერთმანეთს, ერთმანეთს ულოცავენ თავიანთ დიდ მიღწევას. და ეს მართლაც დიდი მიღწევაა, რადგან ჩვენ ახლა, ისტორიულ დროში ვცხოვრობთ.
თქვენ რუმინეთზე მეკითხებოდით. ვიტყვი, რომ ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რკინის ფარდის მეორე მხარეს ვიყავით.
დღეს ბევრი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე საუბრობს ძალისმიერი გზით მშვიდობის მოპოვებაზე. თუ საკმარისად დიდი ხარ, შეგიძლია მშვიდობის ძალისმიერი გზით მოპოვება, მაგრამ რა მოხდება, თუ არ ხარ?
თუ პატარა ქვეყანა ხარ, თუ ზღვაზე გასასვლელი არ გაქვს, უზარმაზარი არმია არ გყავს, რას აკეთებ? სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების და არჩეული თანამდებობის პირების გონიერება და სიბრძნე რათა მოახდინოს ქვეყნის უპირატესობის სწორად გამოყენება. სხვა ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირებამ, თანამშრომლობამ და არა ბრძოლამ შეიძლება მოიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა.
ჩვენი ისტორია არ არის სრულყოფილი. არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი. მაგრამ დღეს ჩვენ ვქმნით, უკეთეს მომავალს. რადგან ჩვენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალებას ვაძლევთ, იფიქრონ იმის შესახებ, თუ როგორ დაკავშირდნენ ეს ქვეყნები ერთმანეთთან, იმუშაონ ერთად და დაამყარონ მშვიდობა კეთილდღეობის გზით.
თუ საქართველო არის კარიბჭე ცენტრალური აზიისა და აზიისკენ, რუმინეთი არის კარიბჭე ევროკავშირისა და შენგენის ზონისკენ. ჩვენ შენგენის ზონის ნაწილი ვართ.ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფო მოღვაწეებზე, პოლიტიკოსებზე, არჩეულ თანამდებობის პირებზე, რომ ასეთ ფორმატებში გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები, გავაერთიანოთ ჩვენი იდეები და ვიპოვოთ გზები“, - აღნიშნა კრისტიან ტერესმა.