Loading data...
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უცებ გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობის კომენტირებისას.

როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულია და ამის დასტურია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საქართველოზე ზეწოლა შეწყვეტილია.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად გადაიტვირთა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, ანუ ბიძგი მიეცა ახალი ტიპის თანამშრომლობას. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ტრამპი ყველაფერ იმაზე საუბრობს, რაზეც ჩვენ 2-3 წლით ადრე ვლაპარაკობდით - დახურა USAID, NED, რადიო „თავისუფლება“ და პირდაპირ აცხადებდა, რომ ესენია სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მექანიზმები. იგივე ეხება ოჯახური ღირებულებების დაცვას - 17 მაისს, როცა ჩვენ ვზეიმობთ ოჯახური სიწმინდის დღეს, მათ ეს თარიღი საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადეს. ის ზეწოლა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, ფაქტობრივად გაქრა. მაგალითად, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, როცა ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვმუშაობდით და მის მიღებას ვცდილობდით, დღეში ორჯერ, სახელმწიფო მდივნიდან დაწყებული და ელჩით დამთავრებული, გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას არ მიეღოთ ეს კანონი. ისინი არგუმენტებად რაღაც საშინელებებს ასახელებდნენ, რაც სიმართლესთან ახლოს არ იყო და ეს ხდებოდა იმ პირობებში, როცა უკრაინაში გამძვინვარებული ომი იყო. სწორედ ამ დროს - დილას, შუადღეს და საღამოს, იცლიდნენ საქართველოსთვის. ეს მოცემულობა ტრამპის მოსვლისთანავე გაქრა.

რაც შეეხება ვიზიტს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ურთიერთობები უცბად გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია - ჯერ ზეწოლა შეწყდა, ახლა ვიზიტი შედგა და ა.შ. სხვათა შორის, ვიზიტისას, როცა ჩვენ კონგრესმენებსა და სენატორებს ვხვდებოდით, ყოველთვის სუფევდა მეგობრული ატმოსფერო. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ საქართველოს შესახებ. ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამ ხაზს - ჩვენი ვიზიტი სასესიო კვირას დაემთხვა და დროში ცოტა შეზღუდული ვიყავით. მაგრამ ამ შეზღუდულ ვითარებაში იგრძნობოდა ყველას მხრიდან აუცილებელი შეხვედრის სურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ გამოხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. სწორედ ეს არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.