Loading data...
დავით მათიკაშვილი: ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი

„ვენეციის კომისიის ერთი და იმავე შინაარსის წიაღსვლები მხოლოდ აღქმებით ანალიზს გულისხმობს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მისი საქმიანობა აშშ-ის ინტერესებისთვის შეუსაბამოდ ჩათვალა.

„შეერთებულმა შტატებმა კომისია იმ დროს დატოვა, როდესაც მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ჩარჩო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებს მცდარ დასკვნებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.