დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგან მწვავე კრიტიკა, პოლიტიკური განცხადებები და რეზოლუციები მოჰყვა.
ევროკავშირის წარმომადგენლები დღესაც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან კანონის გაუქმებას, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღის წესრიგში დგება მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესების საკითხი.
ამის მაგალითია სლოვენია, სადაც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეზღუდვას გეგმავენ. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბრიუსელის მიკერძოებულ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით.
„მერამდენე ქვეყანაა უკვე სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს სწორედ გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან, უცხო ინტერვენციებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია. ეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა მაშინ, როცა საქართველო იღებდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, აკრიტიკებდა მას და ამ კანონს რუსულს უწოდებდა.
დღეს ზუსტად იგივე ფორმატის, იგივე დაცვითი მექანიზმის მქონე კანონმდებლობას იღებენ საკუთარი ქვეყნებისთვის, დარწმუნდნენ რა, რომ სწორედ ეს კანონმდებლობა წარმოადგენს უცხო ჩარევებისგან, შავი ფულის შემოდინებისგან, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის გამოყენებით პოლიტიკაში ფულის ჩასხმისგან დამცავ სახელმწიფო მექანიზმს“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.