დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას, რასაც ვერ შეძლებენ
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს დაუსვამს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კითხვა-პასუხის ფორმატში ოპოზიციური პარტიების ქმედებების ანტიკონსტიტუციური ხასიათი კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთება.
მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანებები პროცესის გაწელვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას შეეცდებიან, თუმცა ამას ვერ შეძლებენ:
„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის შინაარსი და დანაშაულების კასკადი, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნის, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს. შესაბამისად, კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ პარტიების ქმედების ანტიკონსტიტუციური სახე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება.
ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს მოსარჩელე მხარის კითხვებზე ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ. იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა - ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა