დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები იცვლება - არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს. შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე შემცირდება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტიებს საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ და ცვლილებებთან დაკავშირებული ბრალდებები არგუმენტებს მოკლებულია.
„აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებები გვესმის საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ იმ მოცემულობასთან, სადაც პირდაპირ, შავით თეთრზე წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არანაირად არ ერთმევათ, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები.
არავის ართმევს უფლებას საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, მოახდინონ კონკრეტული ჩარევა, საკუთარი ნება გამოხატონ გასაჩივრების თვალსაზრისით, საარჩევნო კომისიებსა თუ სასამართლოებში“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.