დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია, წერონ და იკითხონ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგარიშების ავტორებს ქართველი ხალხი სძულთ.
მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ღირსებისგან დაცლილი ანგარიში ევროპიდან იმ ოდიოზური სახეების განმეორებითა და ავტორობით, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით სძულთ ქართველი ხალხი.
„ისინი არიან სააკაშვილის მეგობრები და ამ ანგარიშით ვხედავთ პასაჟებს, რომელიც ერთი მხრივ საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არის სრულიად გაყალბებულ ფაქტებზე დამყარებული და მეორე მხრივ ვხედავთ მცდელობას, კვლავ თავდასხმა მოუწყონ ქართულ თავისუფალ მედიას, დაასანქცირონ ის ტელევიზიები, რომელთა ხმაც ისმის საზოგადოებაში და მათ სიმართლეს აუწყებს.
ეს არის ტიპური სახე იმ დამოკიდებულებისა ჩვენ მიმართ, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ევროპარლამენტიდან ვხედავთ, რომლის უკანაც დგანან ძალები, რომლისთვისაც ეს ევროპარლამენტარები წარმოადგენენ თოჯინებს. არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია და წერონ იკითხონ ის, რაც უნდათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.