დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ქართული ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, მათი აკრძალვა, როგორც დესტრუქციული, ძალადობრივი პოლიტიკური ძალებისა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მეტად განვითარების ერთადერთი წინაპირობაა
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვასთან დაკავშირებით განხილვას მომავალი ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან განაახლებს.
„ქართული ოცნების“ განმარტებით, სასამართლო პროცესებმა ნათელი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დანაშაულებს არათუ აღიარებს, არამედ დღემდე თვლის, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ წარმომადგენლის მტკიცებულებები სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კი, მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვა ნიურნბერგის პროცესს შეადარა.
„პრაქტიკულად, ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ანგრევდა თავის ქვეყანას, ხოცავდა ახალგაზრდებს, ქვეყნის ტერიტორიებს ოკუპანტს აძლევდა, ბიზნესს ართმევდა ქონებას.
ეწეოდა საქმიანობას, რომლის შედეგადაც ქვეყანა ღრმა კრიზისში იყო შესული, ხოლო 2012 წლის შემდგომ მუდმივად ცდილობდა რევოლუციური, ძალადობრივი პროცესებით, ქვეყნის გარედან დაფინანსებული სახსრებით მოეხდინა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალება, არ აღიარებდა არჩევნებს, არ აღიარებდა დემოკრატიას.
დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც, პრაქტიკულად, ქართული ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობს სწორედ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიმართ.
მათი აკრძალვა, როგორც დესტრუქციული, ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი პოლიტიკური ძალებისა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო მეტად განვითარების ერთადერთი წინაპირობაა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა ახლა საკუთარი თვალით აღიქვამს და ესმის ის, თუ რა ხდება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.