დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
დავით მათიკაშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს.
„მიკიტა პოტურაევი ცნობილია იმ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომლის საფუძველზეც უკრაინაში ათეულობით პარტია აიკრძალა, ის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარია. ახლა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა და ამას მტკიცება არ სჭირდება. ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, ქვეყნის სუვერენიტეტზე, მის სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, რაც, ბუნებრივია, დასაგმობია. არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.