Loading data...
დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის

„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. 

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მაგალითია იმისა, თუ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან აქვთ საქმე. 

„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს. საზოგადოების წინაშე რეალური მათი მოცემულობის ჩვენება, კიდევ ერთხელ იძლევა იმის საფუძველს, პირდაპირ და არაორაზროვნად ვთქვათ, თუ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან გვაქვს საქმე, როდესაც „ნაცმოძრაობას“ და მათ გარშემო არსებულ შვილობილ პარტიებზეა საუბარი.

ახლა ისინი პრაქტიკულად სიმართლეს ლაპარაკობენ. ის, რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ერთის მხრივ, ტელევიზიების ქურდი, მეორეს მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი დანაშაულით ქვეყანა გაწირა, ქვეყანა უბედურ დღეში ჩააგდო, ხოცა ახალგაზრდები ქუჩაში და ასე შემდეგ... და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი რეალური და თვალსაჩინო, მკაფიო სურათი, რომელიც მათ დადეს საზოგადოების წინაშე, ჩვენს ხალხს, საქართველოს, კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, თუ რატომ არ შეიძლება მეხუთე კოლონის და მოღალატეობრივი აგენტურული ოპოზიციის მიშვება ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.