დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ

მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების უკრაინაში გადაყვანის შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების შესაბამისი გადაადგილება, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიის გავლით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ, საქართველოში დავუშვათ იმ პირების შემოსვლა, ვისი წარსულიც, ვისი დოკუმენტაციაც და შესაბამისი ვარაუდებიც არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც არსებობს საქართველოში საზღვრის კვეთისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.