დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის ელჩს იმის ახსნა მოუწევს, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანასა და ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება
ევროკავშირის ელჩს იმის ახსნა მოუწევს, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანასა და ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ „ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე“ განცხადება გააკეთა.
„თავადვე ბრძანა - სამოქალაქო ომი, სიღარიბე, სიღატაკე, თუ კონკრეტული მითითებების შესრულება არ მოხდება, რაც ბრიუსელიდან მომდინარეობს. ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე განცხადება, რაც პირდაპირი ტექსტით გულისხმობს ქართველი ხალხის მიმართ მუქარას.
აქ კიდე ერთხელ ჩანს და იშიფრება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც ჰერჩინსკი წარმოადგენს.
ამ დიპლომატის მხრიდან მუდმივად ხდება - ზეწოლა, მუქარა, ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა მაშინ, როდესაც ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა საზოგადოების მიმართ.
შესაბამისად, ბატონი ჰერჩინსკი მიბრძანდეს და აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართველ საზოგადოებას, რომელიც სავსებით სამართლიანადაა აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც ყველამ მოვისმინეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.