Loading data...
დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი დღეს აბსოლუტურად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არის არაფორმალური გავლენების ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით

ევროკავშირი რა ღირებულებების გარშემო იქმნებოდა ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს არის ევროპელი ხალხების ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის უზრუნველყოფა ევროპის კონტინენტზე, - ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირი დღეს აბსოლუტურად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არის არაფორმალური გავლენების ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით.

„ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში საუბრობდა, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე არის დადასტურებული შეერთებული შტატების წარმომადგენლობის პალატის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამის დასკვნაში.

ამ დასკვნაში პირდაპირ დასდეს ბრალი ევროკომისიას და იქ არსებულ სტრუქტურებს, რომ ისინი უხეშად ერევიან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ცდილობენ მანიპულირებას, არჩევნებში ჩარევას და ამით მათთვის სასარგებლო და საჭირო მოცემულობის შექმნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ აღიარებულ, დეკლარირებულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენდა.

ჩვენ როდესაც კონსტიტუციაში განვსაზღვრეთ შესაბამისი მუხლი და ევროინტეგრაციის პრიორიტეტი ჩავწერეთ საგარეო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, სწორედ იმ ღირებულებებზე დაყრდნობით გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რაც იყო თავის დროზე ევროკავშირი.

ჩვენთვის ევროკავშირის მხრიდან ასეთი უსამართლო, ორმაგ სტანდარტზე დაფუძნებული მიდგომა, არჩევნებში მსგავსი დოზით ჩარევა იყო წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო ამ ყველაფერს არ ემოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.