დავით მათიკაშვილი: ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები
„ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში აგენტურა არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები -„ლელო“ და გახარიას პარტია, ასევე „ენჯეო“ სექტორის ნაწილი.
„მათ სხვა დასაყრდენი ჩვენს ქვეყანაში არ ჰყავთ. ნებსით თუ უნებლიეთ, თუკი რაიმე ფორმით უნდათ საქართველოში პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობის მიღება, სხვა გზით ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ისევ ამ პოლიტიკურად გაცვეთილ, პოლიტიკურად და სისხლის სამართლებრივად დამნაშავე პირებთან უწევთ ურთიერთობა, რომელთა მეშვეობითაც სურთ იმ მძიმე სცენარის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის დიდი სიბრძნის, „ქართული ოცნების“, მისი საპატიო თავმჯდომარის, ქვეყნის პრემიერის, ქვეყნის პრეზიდენტის და პარლამენტის, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ძალიან მკაცრი, კონკრეტული და პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე ვერ ხორციელდება. სხვა ძალებს ისინი საქართველოში ხელს ვერ ჰკიდებენ, სხვას ღალატზე ხელს ვერ აწერინებენ, ამიტომაც ისევ იმ ძალებთან უწევთ ყოფნა, რომელთაც ერთ დროს ეს მძიმე ანტიქართული და საქართველოს მოძულე ხელმოწერა უკვე შესრულებული აქვთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.