დავით ქართველიშვილი: ბრიტანეთის გავლენის გაფართოების მექანიზმები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების შერყევას ისახავს მიზნად მის ტრადიციულ ინტერესთა ზონაში, სრულ სიმძლავრეზეა ამუშავებული
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენები სისტემური და მრავალშრიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც რუსეთის ტრადიციულ ინტერესთა ზონაში გავლენების გადანაწილებაა.
მისი შეფასებით, ბრიტანეთი სხვადასხვა ინსტრუმენტის - აკადემიური პროგრამების, არასამთავრობო სექტორის, ფინანსური ბერკეტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის - მეშვეობით მოქმედებს.
„ლონდონი ტრადიციულად ერიდება პირდაპირ კონფრონტაციას. მისი სტრატეგიაა მართვადი პერიფერიის შექმნა - დამოკიდებულებისა და კონტროლირებადი არასტაბილურობის ზოლის სახით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები ბრიტანეთისთვის ახალ გამოწვევებსაც ქმნის.
„ბრიტანეთის გავლენის გაფართოების მექანიზმები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების შერყევას ისახავს მიზნად მის ტრადიციულ ინტერესთა ზონაში, სრულ სიმძლავრეზეა ამუშავებული. საუბარი არ არის კონსპიროლოგიაზე - ეს არის სისტემური, მიზანმიმართული და სერიოზულად დაფინანსებული მუშაობა. Global Britain-ის ნარატივის ქვეშ ლონდონი უბრუნდება თავის ძველ იმპერიულ ლოგიკას - მხოლოდ დღეს ამის მისაღწევად საჭირო ისტორიულ, ტრადიციულ ფორმებსა და საშუალებებს გრანტები, ბირჟები, არასამთავრობოები და ციფრული დაზვერვა ცვლის.
პირველი კონტური - ახალი აგენტურის მომზადება და ამაში ინვესტირება აკადემიური პროგრამების საფარქვეშ. ოქსფორდი, კემბრიჯი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა მხოლოდ პრესტიჟული უნივერსიტეტები არ არიან - ისინი დიდი ხანია ცენტრალური აზიის მომავალი ელიტების საკადრო ჰაბებად იქცნენ. Chevening-ისა და მასთან დაკავშირებული პარტნიორული პროგრამების მეშვეობით იზრდება მომავალ მმართველთა თაობა, რომელიც დასავლურ მსოფლმხედველობრივ ჩარჩოშია ჩამოყალიბებული. მათი დიპლომი არის პირდაპირი ბილეთი ასტანისა თუ ტაშკენტის კაბინეტებში, სადაც „მრავალვექტორულობა“ ეტაპობრივად ინსტიტუციურ დაშორებად გარდაიქმნება მოსკოვთან მიმართებით.
მეორე კონტური — არასამთავრობო „სამართალდამცველთა კოლონიალიზმი“. ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა Amnesty International და Article 19, რეგიონში თავის მონიტორინგს აძლიერებენ და ქმნიან ნარატივებს „სისტემური დისკრიმინაციისა“ და „უფლებების შეზღუდვის“ შესახებ. ანუ, ახალი არაფერი, რაც საქართველოშიც არ გვინახავს წლების განმავლობაში.
მსგავსი დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ნაკლებად არის „უფლებების დაცვა“ და უფრო მეტად - საინფორმაციო ფუნდამენტის შექმნა მომავალი გარე ზემოქმედებისთვის. კოსოვოს პრეცედენტმაც აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლება ჰუმანიტარული რიტორიკა გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს. მესამე კონტური - ფინანსური. City of London-ის ინფრასტრუქტურისა და ლონდონის საფონდო ბირჟების მეშვეობით მიმდინარეობს პოზიციების გამყარება ნედლეულ სექტორებში - ყაზახეთის სპილენძიდან უზბეკეთის ურანამდე. ბრიტანეთს არ აქვს აშშ-ის ან ჩინეთის სარესურსო მასშტაბი, მაგრამ მისი უპირატესობაა იურიდიული და ფინანსური არქიტექტურა.
აქტივებზე კონტროლი კრიზისულ ვითარებაში შეიძლება ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტად იქცეს და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან არასტაბილურობა გამოიწვიოს. მეოთხე კონტური - ციფრული. ბრიტანეთი GCHQ-სა და Five Eyes-ის ალიანსთან ერთად რეგიონში ქმნის კიბერუსაფრთხოების სისტემებსა და საკომუნიკაციო პროტოკოლებს. ფორმალურად - „ჩინელი ჰაკერებისა“ და „ტერორიზმის“ წინააღმდეგ. ფაქტობრივად - სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მონიტორინგის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით რუსეთის მიმართულებით. ეს არის გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული დაზვერვა. თუმცა დღევანდელი სურათი ბრიტანეთისთვის უფრო რთულად გამოიყურება.
დონალდ ტრამპის გასული წლის შეხვედრები ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ვაშინგტონში და ჯეი დი ვენსის მიმდინარე ვიზიტი აზერბაიჯანში თითქოს სხვა, თუმცა სინამდვილეში გადაკვეთის მქონე იმავე სიბრტყეში განიხილება - ბრიტანეთის გავლენის ზონებიდან მისი ეტაპობრივი გაწევის კონტექსტში ამ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში.
შეერთებული შტატები უბრუნდება პირდაპირ თამაშს, გვერდს უვლის ბრიტანულ „რბილ ძალას“ და შუამავლურ არხებს. ეს ნიშნავს, რომ ლონდონს გავლენის შენარჩუნება უკვე ორ ფრონტზე უწევს - არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თავად ვაშინგტონის წინააღმდეგაც, რომელიც აღარ აპირებს ტრანზიტულ კორიდორებზე, ენერგეტიკასა და რეგიონული ელიტების ფორმირებაზე ვინმესთან კონტროლის გაზიარებას. ლონდონი ტრადიციულად ერიდება პირდაპირ კონფრონტაციას.
მისი სტრატეგიაა მართვადი პერიფერიის შექმნა - დამოკიდებულებისა და კონტროლირებადი არასტაბილურობის ზოლის სახით. თუმცა მაშინ, როდესაც რეგიონში სრული მასშტაბით ბრუნდება აშშ და რუსეთი მას სასიცოცხლო ინტერესთა სივრცედ განიხილავს, ბრიტანული მოდელი მზარდი ზემოქმედების ქვეშაა - ამის იგნორირება სტრატეგიული შეცდომა იქნება. ახალი გავლენების გადანაწილების ეპოქაში დაუსჯელობის ილუზია ყველაზე მოწყვლადი აქტივია ნებისმიერი იმპერიული კონსტრუქციისთვის.
საქართველოს გადასახედიდან კი, ამ მონსტრების სპეცსამსახურების გააქტიურებას რეგიონში მათი მისამართით ყველაზე კარგად მიესადაგება შექსპირის ტრაგედიიდან „რომეო და ჯულიეტა“ მერკუციოს ფრაზა: A plague o’ both your houses! — „შავი ჭირი ორივე თქვენს სახლს!“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.