ჭეიშვილი ჰელსინკის კომისიის სხდომაზე: ეს არის არა მოსმენა, არამედ დასმენა და გამოცხადებული ღალატის ქრონიკა საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის მოსმენას ვაშინგტონში, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან.
ჭეიშვილის შეფასებით, ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ მორიგი ღალატი.
„ე.წ. მოსმენა, რომელიც დღეს იმართება არის არა მოსმენა, არამედ - დასმენა და გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით. თუ ჩვენ გავიხსენებთ ამ პირების, სალომე ზურაბიშვილისა თუ თინა ხიდაშელის განვლილ გზას, აქ ყველაფერი გასაგებია. ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ მორიგი ღალატი.
თვითონ ჰელსინკის კომისიაზე ის მეტყველებს, რომ მისი თანათავმჯდომარე არის ცნობილი ჯო უილსონი, რომელიც შესაბამისი აბსურდული განცხადებებით მოქმედებს. ჰელსინკის კომისიის მხრიდან რაღაც კეთილსაიმედოს არაფერს უნდა ველოდოთ. ეს იქნება მორიგი აბსურდული თავდასხმა. საქართველოს არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, პირიქით, ყველანაირი მზაობა არსებობს ამასთან მიმართებით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.