ჩარკვიანი: პრეზიდენტი მხოლოდ აჟღერებს სურვილებს, მისი მოქმედებაში მოყვანა არ დაუწყია

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყნის პირველი პირი არ წავიდეს ასეთი მნიშვნელობის კონფერენციაზე, როგორც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაა? - სვამს კითხვას ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მისამართით, რომელიც არ მიდის ამ კონფერენციაზე, თუმცა, საქართველოს მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
როგორც Newshub.ge-ს თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, საქართველო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი არ იქნება სხვა კონფერენციებზეც, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელს ახსენებენ.
„ყველა კონფერენცია, სადაც ოდესმე გაჟღერდება, რომ საქართველოში ცხოვრობს ოლიგარქი და მას მიტაცებული აქვს სახელმწიფო, იქ წასვლის უფლება დელეგაციებს აღარ აქვთ. ეს განაპირობებს ამ ყველაფერს, თორემ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყნის პირველი პირი არ წავიდეს ასეთი მნიშვნელობის კონფერენციაზე? ეს ასე გაგრძელდება, ბუნებრივია. მათ თავისი სიტყვის გატანა არ უნდათ. არც იმის სურვილი აქვთ, თქვან, რომ რუსეთზე მუშაობენ, არც იმის, რომ დასავლეთის მომხრე არიან და არა - რუსეთის, რადგან ეშინიათ იმ ტერორისტისა, ვისაც ჰქვია პუტინი“, - ამბობს ჩარკვიანი.
რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობას, რაც როგორც ცნობილია, შეთანხმებული არ ყოფილა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჩარკვიანი ამბობს :
„რახან ის ამ გზას ირჩევს, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე გააგრძელებს მას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს ის, რასაც ახლა აკეთებს, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ აჟღერებს სურვილებს, რომლებიც მე მომწონს, მაგრამ მათი მოქმედებაში მოყვანა არ დაუწყია“, - დეპუტატი.
ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, მას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.