ბექა ოდიშარია: ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს
„მამუკა ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა ხაზარაძის მავნე მონაწილეობა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა.
ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ „ლელო“ ცდილობდა, უშრომლად მიეღო საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და ბიუჯეტის 25% მიეთვისებინა.
„ლელო“ რასაც ანაკლიასთან დაკავშირებით ახორციელებდა, მათ შორის მისი აქტივობები არბიტრაჟში, კომუნისტური პარტიის დროს უშრომელ შემოსავალს ეძახდნენ. ისინი ცდილობდნენ, უშრომლად მიეღოთ საკუთარი ხალხისგან შემოსავალი და იმდროინდელი ბიუჯეტის 25% მიეთვისებინა. როგორ შეიძლება, ასეთი პარტიისგან სახალხო პარტია დადგეს? ასეთი პოლიტიკოსები სახალხო ვერასოდეს იქნებიან, რადგან უკვე ყველაფერი აშკარაა.
„ლელოს“ არანაირი მიზანი გააჩნია, რადგან მათი ძირითადი სლოგანი იყო - „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი ჩაშალა და აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა კონსტიტუციაში ამ საკითხის შეტანიდან დაწყებული, იმ სამუშაოებით დასრულებული, რაც განხორციელდა.
ბუნებრივია, ხაზარაძემ ქართველ ხალხს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმის ნაცვლად, რომ ის ფული წაეღო, რის წაღებასაც აპირებდა, რადგან ამ რვა წლის განმავლობაში რომ არა მისი მავნე მონაწილეობა, ანაკლიის პროექტი გაცილებით წინ იქნებოდა და იქნებოდა ფინიშის სწორზე, მაგრამ არც ახლა არ ვართ შორს მიზნისგან“, - აღნიშნა ოდიშარიამ.