არჩილ გორდულაძე: ვხედავთ აგენტურულ ძალთა დაპირისპირებას, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა პატრონების წინაშე, მეორე მხრივ კი გადარჩენა სხვა „ნაცპარტიებისა“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ანა წითლიძის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოსა და პროკურატურის ბრალდებებს ადასტურებს.
მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირება რეალურად პატრონების წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენასა და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფის გადარჩენას ემსახურება.
„ქალბატონ ანა წითლიძეს ძალიან ბევრი წამოცდენა აქვს ამ ბოლო ხანებში. მას წამოსცდა და დაეთანხმა პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო სისტემის ბრალს ნიკა გვარამიას მიმართ და დაადასტურა, რომ იგი ძარცვავდა ტელევიზიებს.
მან ასევე დაადასტურა, რომ იგი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი პირი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც წარმართავს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ არაერთ კამპანიას. ახლა ვხედავთ, რომ ბნელ, აგენტურულ ძალთა დაპირისპირება არის ერთმანეთში, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაა თავიანთი პატრონების წინაშე, ხოლო, მეორე მხრივ, გადარჩენა სხვა „ნაცპარტიებისა“, როგორიც არის „ლელოელი ნაცები“ და „გახარიელი ნაცები“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.