არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, რომ როგორც კი სტრატეგიულ ობიექტს - პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ, დანაშაულებრივი ბანდის წევრები, გამოცხადებულიყო შენობაში და როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მიესაკუთრებინა ხელისუფლება

ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე პრაღაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობენ.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
გორდულაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, 4 ოქტომბერს, როდესაც აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ, შესულიყო შენობაში, როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს და მიესაკუთრებინა ხელისუფლება.
„ქართული პასპორტის მქონე, ერთი რიგითი აგენტი, სალომე ზურაბიშვილი, სხვა აგენტებთან ერთად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედიებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან ერთად კადრულობს უკადრებელს, უტიფრობაშიც არიან გადასულნი. ამ ადამიანებს რომ დავუჯეროთ, კარი თუ ღიაა, ნებისმიერთან შეიძლება შევიდეს ნებისმიერი ადამიანი, სხვისი ნივთი აიღოს და მიისაკუთროს, ანუ ქურდობა ჩაიდინოს.
ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედება ღობემდე დაიყვანონ. რეალურად, რატომ მივიდნენ ეს ადამიანები? რატომ მოუწოდეს, რომ მამაკაცები გადასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რატომ ესხმოდნენ თავს ღობეს და რატომ გადახტნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ აეღოთ სტრატეგიული ობიექტი. თავად სალომე ზურაბიშვილიც იქვე იდგა და იყო მზად, რომ, როგორც კი სტრატეგიულ ობიექტს - პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ დანაშაულებრივი ბანდის წევრები, გამოცხადებულიყო შენობაში და როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მიესაკუთრებინა ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.