არჩილ გორდულაძე: როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა „ნაცი“ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას
ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. წითლიძის განცხადებას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას ვერ გადაეჩვია.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს, ამ ტრაგედიებით სპეკულირებს და ამ ყველაფერს თავს არ არიდებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ნაცობა“ ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა.
როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა „ნაცი“ თავის საქმიანობას - ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას.
ტრაგიკომედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას, იმ პროკურატურას, იმ სამართალდამცავ ორგანოებს და იმ სისტემას, რომელიც ჩვენი გუნდის ძალისხმევით გაჯანსაღდა, არაერთი კონსტიტუციური, საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე.
საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი მწამებლური სისტემა და ამ სისტემის წარმომადგენლები ახლა საუბრობენ ადამიანების უფლებებზე.
მეგის ქარდავა რომ ადამიანის უფლებებზე დაიწყებს ლაპარაკს, ან ახალაიები რომ დაგვიწყებენ საუბარს - ადამიანების წამება არ შეიძლება და ასეთი რამე არ მომხდარაო, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომ გვესაუბრებიან პიედესტალიდან მაღალ მატერიებზე, ეს მათსავე ტრაგიკულ მდგომარეობას უსვამს ხაზს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.