Loading data...
არჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღით გადაიდო.

პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება - მოსამართლეები კითხვებს ჯერ მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე მხარეს დაუსვამენ.

ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაადასტურა. მისი თქმით, მოსამართლეთა კითხვებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რამდენად დასაბუთებულია „ქართული ოცნების“ სარჩელი.

„როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. სხდომები სამშაბათიდან განახლდება. შესაბამისად, განახლდება უკვე მოსამართლეთა კითხვებით ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რამდენად დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და რამდენად ცდილობენ გაქცევას არაკონსტიტუციური პარტიები - ის პარტიები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიის პრინციპი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.