ირანში იანვრის არეულობაში მონაწილეობისთვის სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
„ირანში იანვრის მასობრივ არეულობებში შეიარაღებული მონაწილეობისა და დივერსიული საქმიანობის ბრალდებით სამი მამაკაცი ჩამოახრჩვეს. განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა“, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
უწყებამ, სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო აშშ-ისა და ისრაელის რეჟიმებთან თანამშრომლობაში, ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ხელნაკეთი ყუმბარების დამზადებასა და გამოყენებაში, საზოგადოებრივ და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმასა და ელექტროქვესადგურის განადგურებაში, რამაც ქალაქ კარაჯის ნაწილობრივი ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
საქმეში სულ 11 ბრალდებული ფიგურირებდა. გამოძიების ცნობით, ჯგუფს ავტოსარემონტო სახელოსნოს მფლობელი დივბანდი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გაერთიანებაში ნათესავები და თანამშრომლები გააწევრიანა, 8 და 9 იანვრის არეულობებამდე კი კოორდინაციის მიზნით მათ შეხვდა.
სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებული კაზემი საკუთარი სახლის სარდაფში „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ხელნაკეთ ყუმბარებს ამზადებდა, ხოლო ზანგანეჰმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვესადგურის საბოტაჟში. საქმის დანარჩენ რვა მონაწილეს ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯა.