Loading data...
არჩილ გორდულაძე: როგორც გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან ჩქმალავდნენ, ანალოგიურად გართულებულია გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, თუმცა სახელმწიფოს მიზანია, გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში არაეფექტურად ჩატარებული მოქმედებებისა და მტკიცებულებების გაქრობის გამო გართულდა.

მან ასევე, შარაძის მკვლელობის საქმის დეტალებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს, ოჯახისა და საზოგადოების საერთო მიზანია, გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს.

მანვე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის კითხვას, თუ რომელი ლიდერია ამ საქმეზე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. გორდულაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არაეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იმ ძალას ეკისრება, რომელიც მაშინ ძალოვან სისტემას აკონტროლებდა.

„ფაქტი ის არის, რომ გურამ შარაძე 2007 წელს სამი გასროლით მოკლეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ხელისუფლებიდან წავიდა, გურამ შარაძის საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის გურამ ლატარიას განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 2007 წლის მაისში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ მას მისცა დავალება, გურამ შარაძის მკვლელობის განხორციელების მიზნით დანიშნულ დროს თბილისში წაეყვანა მკვლელობის შემსრულებელი ორი პირი. აღნიშნული დავალების შესრულებაზე მან უარი თქვა, რის გამოც მეგის ქარდავამ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დღემდე საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამავდროულად, გამოძიება კვლავ მიმდინარეა და მაშინ, როდესაც 2007 წლიდან 2012-მდე გასული არის ხუთი წელი, როდესაც არ ჩატარებულა საკმარისად საგამოძიებო მოქმედებები, შეუძლებლად გართულდა და გართულებული არის, რომ გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი იმიტომ, რომ მათ ხელში რომ იყო ყველა ძალოვანი სისტემა და მათ შორის, როგორც გირგვლიანის საქმესთან, როგორც რობაქიძის საქმესთან, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან ჩქმალავდნენ, ან ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობები ჰქონდათ, მაგალითად, იარაღის ჩადებით, ზუსტად ანალოგიურად, რა თქმა უნდა, გართულებული არის, რომ ხუთი წლის შემდეგ შესაბამისი გამოძიება დასრულდეს. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა ჩვენი, საზოგადოების, ოჯახის, სახელმწიფოს მიზანიც ეს არის. ამავდროულად, როდესაც ეფექტურად არ განხორციელებულა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ ძალისა, რომელსაც ავტოკრატიული რეჟიმი ჰქონდა შექმნილი და ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ყველა ძალოვან სისტემაზე, ეს მათ მიემართებათ არაეფექტური გამოძიების ჩატარებით. და როდესაც კითხვა ისმება, რომელი ადამიანი არის ჩვენი ლიდერებიდან ბრალდებული, ან მსჯავრდებულიო, ადამიანები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან კავშირი არ ჰქონდა“, - განაცხადა გორდულაძემ.