არჩილ გორდულაძე: როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ, ხარ სამშობლოს მოღალატე - ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციური
„როდესაც შენს ჯარისკაცს ომის დანაშაულს დააბრალებ და რისკის ქვეშ დააყენებ, რომ ჰააგის სასამართლოში კონკრეტული ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყოს, ხარ სამშობლოს მოღალატე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციური ქმედებები შეაფასოს.
„ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რატომ არის ეს ე.წ. პარტია არაკონსტიტუციური და მომავალშიც იგივე რომ არ გააკეთოს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს მისი არაკონსტიტუციური ქმედებები და ერთხელ და სამუდამოდ დროებით ოკუპირებული ოპოზიციური ველი ოკუპანტი ნაციონალური მოძრაობისგან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.