Loading data...
არჩილ გორდულაძე: პაველ ჰერჩინსკიმ შვიდობის მტრედის როლის თამაშს თავი დაანებოს, გამოვიდეს და ხაზგასმით თქვას, რომ 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ერთი ევროცენტის ფასიც კი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ადამიანს ალბათ ეძინა და თვლემდა აქამდე, სამი კვირის შემდეგ გამოგვეცხადა და სამი კვირის შემდეგაც არ დაუგმია ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, არ დაუგმია ქვეყნის დამხობის მცდელობა, არ უთქვამს, რომ არ შეიძლება, დაესხა სახელმწიფოებრიობას, არ შეიძლება ფაშისტური და ნაცისტური განცხადებების გაკეთება, მაგრამ გაახსენდა, რომ საქართველოში კანონები მიიღეს. და რა კანონები მივიღეთ?! მივიღეთ ის კანონები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მოქმედებს აშშ-ში, მაგალითად, FARA.

როდესაც აშშ-ში ახლა განიხილება კანონპროექტი, რითაც კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს შესაბამისი რეგულაციები, აქ პაველ ჰერჩინსკი ბედავს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და თქვას, რომ კანონი, რომლითაც შავი ფულის ტრიალი უნდა გახდეს ჩვენ ქვეყანაში გამჭვირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, მისივე, ანუ, ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული თანხები სად მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი იყოს და ხელისგულზე იდოს, ამბობს, რომ ეს არის თურმე ევროპულობის საწინააღმდეგო და დემოკრატიის უკუსვლა. კარგად ჩაიხედოს ყველამ საკუთარ გულში და კარგად ნახონ, პირველ რიგში, რა კანონმდებლობა მოქმედებს იმ ქვეყანაში, საიდანაც არის თვითონ პაველ ჰერჩინსკი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლინებას, არჩილ გორდულაძემ განაცხადა:

„ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ამ განცხადებით თავს დაიძვრენს, ძალიან ცდება მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. მშვიდობის მტრედის როლის თამაშს თავი დაანებოს ბატონმა ჰერჩინსკიმ. გამოვიდეს და ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით თქვას, რომ 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ადგილი ჰქონდა შეტევას, ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, სადაც დაგეგმილი იყო ამ შენობის აღება, რომელში შესასვლელად ზურაბიშვილი გამზადებული იყო და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოემხობოდა ხელისუფლების სისტემა. გვახსოვს, როგორი განცხადებები გააკეთა ბატონმა ზოდელავამ, რომ დიახ, ეს პირველი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, რომელსაც დომინოს პრინციპით მოჰყვებოდა შემდეგ უკვე სხვა შენობების დაკავებაც. აი, ეს დაგმოს ბატონმა ჰერჩინსკიმ და თავი დაანებოს ზოგადი განცხადებების გაკეთებას, რომ ძალადობას გმობს“, - განაცხადა გორდულაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის გამოქვეყნდება იმ პირების ჩამონათვალი, ვის აკრძალვასაც მმართველი გუნდი აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ვინ დარჩება ოპოზიციურ სპექტრში, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თითქმის ბოლოშია გასული.

„ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებთ და უახლოეს დღეებში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც მოსარჩელეებს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, მოვითხოვოთ უშუალოდ კონკრეტული პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რაც მათი რეგისტრაციის გაუქმებას გულისხმობს და ასევე გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის, იმ პირების ჩამონათვალი გაკეთდეს, რომლებიც არიან დაკავშირებული ასაკრძალ პოლიტიკურ პარტიებთან და ამავდროულად, მათ საქმიანობა აეკრძალოთ, იქნება ეს პოლიტიკური აქტივობა, მაგალითად, პარტიის წევრობა, არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე ყოფნა თუ ახალ პარტიებში გაერთიანება.

არსებობს აგრეთვე კიდევ ერთი საშუალება, ე.წ. მემკვიდრე პარტიების ინსტიტუტი, როდესაც აკრძალული პარტიის შემადგენლობა, იდეოლოგები და მომმართველი შემადგენლობა ახალ პარტიას ქმნის ან სხვა პარტიაში ერთიანდება და გამომდინარე იქიდან, რომ ერთი დედა პარტიის საქმიანობა არის არაკონსტიტუციური, ახალი პარტიის საქმიანობაც შესაბამისად არაკონსტიტუციურია. ეს რამდენიმე არჩევანია, რომლის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ, როგორც მოსარჩელეებს და, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება დეტალებს იხილავს უშუალოდ სარჩელის გამოქვეყნების დროს“, - აცხადებს გორდულაძე.

მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც რეალურად არიან ერთი პარტიის განაყარები, სხვა სახელი ჰქვიათ და სხვადასხვა საარჩევნო ნომერი ჰქონდათ, მაგრამ მთავარია მათი საქმიანობის არსი, რას აკეთებდნენ წარსულში, რას აკეთებენ ახლა და რისი მიზანი აქვთ მომავალში.

„მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლში, რითაც აკრძალულია მთელი რიგი ქმედებები, რაც იწვევს პარტიის აკრძალვას, უბრალოდ, საფუძველი აღარ დატოვა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, რომელიც არ ჰქონდეთ დარღვეული, ეს არის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფა, დემოკრატიულ სახელმწიფოზე პირდაპირ შტურმი და ასე შემდეგ“, - დასძინა გორდულაძემ.