Loading data...
არჩილ გორდულაძე: პარლამენტის საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და მისი ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ეს ზუსტადაც რომ თავდასხმაა დემოკრატიაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, 317-ე მუხლი ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. მისი თქმით, ამ კონკრეტული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები არიან, რომლებმაც აღიარეს ეს დანაშაული.

მისივე თქმით, აქციების ძალადობრივ ხასიათზე კონკრეტული ფაქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები მეტყველებს, რითაც უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის კითხვას, რით დასტურდება, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები.

„317-ე მუხლით გათვალისწინებული, ინკრიმინირებული არის უმძიმესი დანაშაული. ეს დანაშაული არის მოთავსებული მე-11 კარში - დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად, დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. 317-ე მუხლი ეხება, ფორმულირება რომ წავიკითხოთ: „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“. ამ კონკრეტულ დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირები არიან, არიან ორგანიზატორები, რომლებმაც აღიარეს ეს დანაშაული, მათ შორის, აღიარეს ის ძალადობრივი ქმედებები, რაც უკვე ჩამოთვლილი არის და ამავდროულად, როდესაც მხარე 15 დღის განმავლობაში საუბრობდა, მათ შორის გუშინდელი დღის ჩათვლითაც, რომ თურმე ძალადობები არ ყოფილა, აქციები იყო მშვიდობიანი და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. მესმის, რომ მძიმე არის, რომ მოისმინოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ფაქტზე როდესაც მიუთითებენ, რომ, აი, ეს ფაქტები ქმნის ზუსტად ძალადობრივს აქციას და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და რაც ხდებოდა, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი არის და შეგვიძლია, მაგალითად, რომ წარმოვადგინოთ კიდევ, თუ ვინმესთვის გასარკვევი არის, თუ რა ხდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერს.

ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კონკრეტული ქმედებები აქვთ ჩადენილი, ეს ერთი საკითხია და მათი კრებსითი ქმედება უკვე, რაც ხდებოდა საქართველოს დედაქალაქში, ცენტრალურ გამზირზე დღეების განმავლობაში, აი, ეს უკვე ყველაფერი ერთად ქმნის იმ განზრახვას, იმ სულისკვეთებას, რომლის მიზანიც იყო, მათ შორის, რაც ბრალშიც არის კონკრეტულად აღიარებულიც, რომ არის, რომ დაკავებული ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტები, სტრატეგიულ ობიექტს, ისეთს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, მას არ ჰქონოდა შესაძლებლობა ნორმალური ფუნქციონირების განხორციელებისა, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ საქართველოს პარლამენტის, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული წყობილებისათვის და დემოკრატიისათვის, პარლამენტის საქმიანობა და პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ეს ზუსტადაც რომ თავდასხმა არის დემოკრატიაზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.