Loading data...
არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას: აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

„ახალის“ ლიდერმა, მტკიცებულებების გამოთხოვა და მოწმეების დაბარება მოითხოვა, თუმცა განაცხადა, რომ მათი ვინაობა არ იცის და საკითხი გასარკვევია.

პასუხად, არჩილ გორდულაძემ გვარამიას კომისიის დასკვნის გაცნობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი შუამდგომლობა გაუგებარია.

„წარმოდგენილი შუამდგომლობის დეტალებში შესვლას სამართლებრივადაც არ აქვს აზრი. მხარე ცდილობს, რომ საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარება. ამბობენ, რომ ეს ინკვიზიციური სასამართლო პროცესია - თქვენ დაგვეხმარეთ იმ პირების იდენტიფიცირებაში, რომელიც შეიძლება გამოვკითხოთო... რადგანაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებენ, შესაძლოა, ადამიანს დარჩეს აღქმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების და, მათ შორის, ჰააგის პროკურორის გამოკითხვაც შეიძლება სჭირდებოდეს მხარეს. აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში. არის მცდელობა, რომ გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ ამ სასამართლო პროცესზე, დამატებით, პირების გამოკითხვა მოხდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და გახარია „საქართველოსთვის“ აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.