არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება.
არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უნდობლობას ღიად აფიქსირებს.
„ლელო“ პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთო, ჯერ ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სტანდარტები არ ვიცით რა არის პარტიის საქმიანობის შეჩერების აკრძალვის და ესენი დაგვიდგინოსო, ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ კონკრეტულად ეს სარჩელი ავიღოთ, გავუგზავნოთ და გვითხრას, ეს სარჩელი საკმარისი არის თუ არა კონკრეტული პარტიების აკრძალვისთვისო.
სამართლებრივი ნონსენსია, სხვა არ ვიცი რა ვუწოდო, როდესაც პროცედურის თაობაზე თუ როგორ უნდა განიხილოს პლენუმმა საკონსტიტუციო სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ჰკითხო აზრი და მოსაზრება წინასწარ სტრასბურგის სასამართლოს.
არ ვიცი, მაშინ გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გვქონია თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ისეთ შეურაცხყოფას აყენებს ახლა „ლელოს“ წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ თურმე პროცედურაც კი არ იცის საკონსტიტუციო სასამართლომ. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.