Loading data...
არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიების საქმიანობა, რომლებიც წეს-წყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ და ძალადობრივად შეცვალონ, საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებლად არის მიჩნეული - ისევე, როგორც კონსტიტუცია, დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც წესწყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას ცდილობენ, აბსოლუტურად დაუშვებლად მიიჩნევს, ისევე, როგორც ადამიანის წამებას.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციაში გამოყენებულ ტერმინ „დაუშვებელს“ აქვს სამართლებრივი წონა და იგი შინაარსისგან დაცლილი ვერ იქნება.

„კონსტიტუციაში თითოეულ ტერმინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შინაარსისგან დაცლილი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. როდესაც ვნახავთ და კონსტიტუციას ჩავხედავთ, თუ რა შემთხვევებში იყენებს საქართველოს კონსტიტუცია ტერმინს „დაუშვებელია“, პირველ რიგში, ყველაზე კლასიკური მაგალითი ამ შემთხვევაში არის მე-9 მუხლი. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

შესაბამისად, რა შემთხვევაც არ უნდა დადგეს ისეთი, რომელიც დასაშვებს გახდიდა, რომ ადამიანის წამება მოხდეს, ჩანასახშივე ასეთი დაშვების გაკეთებაც კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლის მეორე პუნქტს.

ამიტომ, თუ სხვა შემთხვევებში, მაგალითად, სხვა უფლებების კონკრეტულ შეზღუდვასთან დაკავშირებით,  სხვადასხვა შეზღუდვის სხვადასხვა საფუძველი არსებობს, ან სხვადასხვა ზღვარი არსებობს, ან სხვადასხვა კვალიფიციური დათქმები არსებობს (კანონისმიერი, სასამართლოსი თუ კომბინირებული), ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, კიდევ უფრო მეტად, ექსპლიციტურად, პირდაპირ მითითებულია, რომ ისეთი პარტიები, რომლებიც წეს-წყობილებას ამხობენ ან მიზანი აქვთ, რომ დაამხონ და შეცვალონ ძალადობრივად, მათი საქმიანობა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებლად არის მიჩნეული - ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.